ირაკლი სესიაშვილი - ისრაელის წამოწყებული საქმე ჩემთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი, კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება
ირაკლი სესიაშვილი - ისრაელის წამოწყებული საქმე ჩემთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი, კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს კორუფციის პრობლემა არსებობდა.

მისივე თქმით, დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონია გაფლანგული.

აღნიშნული კომენტარით სესიაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, მისთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან შეეჩვიენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლოდ  ბრალდებების წარდგენას კორუფციაში, თუ კრიმინალთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ფაქტებით ვისაუბროთ. ფაქტია და დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი არის გაფლანგული, რაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

ამ შემთხვევაში, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა, ჩემთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაციაა, რომ ფული, რომლის გათეთრებაზეც არის, სავარაუდოდ, საუბარი, უკავშირდება სწორედ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს, როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას ეკუთხნოდა და მას უნდა მოხმარებოდა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.

გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.

დატოვე კომენტარი