ირაკლი სესიაშვილი - იმედიანად ვართ მამუკა ბახტაძის განცხადებების შემდგომ, რომ აშშ-სთან თანამშრომლობის უფრო ძლიერ და მყარ ეტაპზე გადავალთ
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებების შემდეგ იმედიანად ვართ, რომ კიდევ უფრო ძლიერ და მყარ ეტაპზე გადავალთ შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებებისას განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, იმედისმომცემია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.
„ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს ევროკავშირში, ნატო-ში და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივების უსაფრთხოების ერთგვარი პოლიტიკური გარანტია. ამიტომ ჩვენი პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ამ უმოკლეს ვადაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, ის შეხვდა ტრამპის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ ბოლტონს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ჩვენი მომავალი პარტნიორობის, თანამშრომლობის პერსპექტივებს. იმედიანად ვართ ბატონი მამუკას განცხადებების შემდგომ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ და მყარ ეტაპზე გადავალთ შეერთებულ შტატებთან ამ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ბუნებრივად ველით, რომ ეს ასევე დაუკავშირდება ეკონომიკურ პარტნიორობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვმუშაობთ კიდევაც“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრით დაიწყო.