ირაკლი სესიაშვილი - გიორგი მარგველაშვილმა ფაქტობრივად დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს
ირაკლი სესიაშვილი - გიორგი მარგველაშვილმა ფაქტობრივად დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა გასდის და როდესაც თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების წინაშე დადგა, ფაქტობრივად დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტმა დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში და არც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. მან ვერ შეძლო თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და ერთი კანდიდატის წარდგენა. პრეზიდენტი ამბობს, თითქოს უმრავლესობა არის მიზეზი, რომ მას არ დაუმტკიცეს და აპრიორი არ წარადგენს მაშინ, როდესაც არაერთი შემთხვევა გვქონია, რომ პრეზიდენტს წარმოუდგენია თავისი კანდიდატურა, დაგვიმტკიცებია, მაგრამ ეს ის ნათელი მაგალითია, როცა თავის უსუსურობას ავლენს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა , რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.