ირაკლი სესიაშვილი - გიორგი კვირკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება
ირაკლი სესიაშვილი - გიორგი კვირკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება

ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„არ მჩვევია ხოლმე არასაქმიანი საუბარი ამ ტრიბუნიდან, მაგრამ მოვლენებს, რომლებიც გუშინ და დღეს განვითარდა, მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო. პირველ რიგში, ჩვენ ამ ბოლო ორ დღეს მოვისმინეთ განსხვავებული აზრები, არგუმენტები და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი არის ბუნებრივი დამახასიათებელი დემოკრატიისთვის და ჩვენ, უმრავლესობას,“ქართულ ოცნებას“, გვეამაყება, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს აქ, პარლამენტში, ჩვენი უმრავლესობის პირობებში, თუმცა, ყველა განსხვავება, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება დემოკრატიად.

ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია.

ბატონმა გიგა ბოკერიამ ერთხელ თქვა, რომ ჩვენსა და თქვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავებაო და მინდა, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად დავეთანხმო. დიახ, ჩვენს შორის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებაა და მეტსაც გეტყვით, 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გაემარჯვა, აქ ჩვენ განსხვავებული აზრებით კი არ ვილაპარაკებდით კოლეგებო, აი ამ ნაწილის ალბათ მინიმუმ 20 პროცენტი ციხეში იჯდებოდა და მეტსაც გეტყვით, აგერ ვხედავ ჩემს კოლეგებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დღეს საკნებში ისხდნენ.

ისეთივე ერთიანები იქნებოდით, როგორებიც 2012 წლამდე იყავით, ისეთივე შემართებით დაუკრავდით ტაშს ყველას, ვინც წამებაში, მიტინგების დარბევაში და სხვა უმსგავსობაში იყო ჩართული; ისეთივე შემართებით დააჯილდოებდა თქვენი ყოფილი პრეზიდენტი იმ პირებს, ვინც ცნობილი მოძალადე იყო და პოლიტიკური ნიშნით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ადამიანებზე ნადირობდა“,- განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატმა სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. სესიაშვილის თქმით, საქმე ეხება 2012 წელს ზაურ მაკარიძის დაკავების ფაქტს. სესიაშვილის თქმით, მაკარიძე მაშინ მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მისი მეგობარი იყო.

„ჩემს თავზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ გუშინ სასამართლომ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და მინდა, უბრალოდ, გითხრათ. 2012 წელს იყო ასეთი ღირსეული ოფიცერი ზაურ მაკარაძე, რომელიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ჩემთან მეგობრობდა და „ქართული ოცნებას“ მხარს უჭერდა.

ქალბატონ ელენე ხოშტარიას ვეტყვი, რომ მას კი არ ჩაუდეს, არამედ, პირდაპირ ოქმი დაანახეს, რომ თქვენ ყუმბარა გქონდათო. ამის გულისთვის, მას, რა თქმა უნდა, შესთავაზეს, რომ თუკი იტყოდა, რომ ირაკლი სესიაშვილმა მომცა ეს ყუმბარა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ამეფეთქებინაო, მალე გაგიშვებთ არჩევნების მერეო. რა თქმა უნდა, ამ კაცმა არ ითანამშრომლა და ის ციხეში აღმოჩნდა ზუსტად იმ პირობებში, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ შემდგომ ამ ვიდეოკადრებში ვნახეთ.

ამ ადამიანმა გუშინ სასამართლო მოიგო და ეს არის ის რეალობა და ის განსხვავება, რაც არის ჩვენსა და თქვენს შორის. მაგრამ სულ მინდოდა თქვენთვის მეკითხა, აქეთა ფლანგს მივმართავ, სულ მინდოდა მეკითხა, რომ ეს დანაშაულები რომ ხდებოდა მთელ ქვეყანაში, იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, როგორ ექცეოდით მედიას, ბიზნესს როგორ ატერორებდით და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი იცოდით და ახლა გვეუბნებით, რომ არ იცოდით, იმიტომ, რომ არც ერთხელ არ გიღიარებიათ და ერთი ბოდიში არ მოგიხდიათ, თუ არ იცოდით? თუ არ იცოდით, ბატონო გიგა [ბოკერია], მაშინ ყველაზე უნიათო მთავრობა ყოფილხართ თქვენ, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაში ხდებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, მიტინგებს არბევდნენ და თქვენ არაფერი არ იცოდით.

აბა რის მთავრობა იყავით? ამიტომ, თუ უნიათობაზე საუბრობთ, პირადად თქვენგან დაიწყეთ, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი იყავით. სტატისტიკაზე იყო საუბარი, ბატონო გიორგი, გუშინ ვიკამათეთ, რომ კრიმინალი გაიზარდა, თუ შემცირდა. რა შედარებაზე გვაქვს საერთოდ საუბარი, როგორ შეიძლება 2012 წლამდე კრიმინალის სტატისტიკა მოვიყვანოთ რაიმე ტიპის მონაცემებით, იმიტომ, რომ კრიმინალი იყო და ყოველთვის იქნება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარი კრიმინალი თქვენს დროს იყო ხელისუფლება, რომელიც ასი ათასობით ადამიანს ციხეში აწამებდა ყოველდღიურად, თვითონ ხელისუფლება იყო ამის მოთავე, პროკურატურა იყო გადაქცეული გადასახადების ამკრეფად, დავალება ჰქონდა ადეიშვილს, რომ 2 მილიარდი ლარი უნდა შეეტანა. ბიზნესმენი არ დარჩენილა რომელიც თქვენ არ გაგიწეწავთ“,- აღნიშნა სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, გიორგი კვირკაშვილი მისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება.

„ამიტომ გულწრფელად გეუბნებით, დღეს თუ მე აქ ვდგავარ და გისმენთ, არა იმიტომ, რომ დამავიწყდა ან ვერ ვხვდები ვისთან მაქვს საქმე, არამედ მე იმიტომ გისმენთ, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და დემოკრატიას ვცემ პატივს და ეს დემოკრატია თქვენც გამოიყენეთ არა ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ ეს ჩვენს შორის განსხვავება აღიქვათ, იმიტომ, რომ დემოკრატია არ არის სიცრუე, დემოკრატია არ არის თავხედობა, დემოკრატია არ არის უზრდელობა.

დემოკრატია არის ის, რომ ჩვენ საქმეზე ვიქნებით ორიენტირებული აქ. ამიტომ, მე ერთადერთ რჩევას მოგცემთ, რომ შედარებას თავი დაანებეთ, ეს თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ჯობია შევედაროთ საქმით, რაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთოთ. როცა ვსაუბრობ განსხვავებაზე და შედარებაზე, ბატონი გიორგი კვირკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება. ამას არავითარი ქებით და პირადი დამოკიდებულებით არ ვამბობ. და ასევე, ღირსეული მთავრობის წევრები გვყავს, რა თქმა უნდა, თავის საქმეს, თავისი პროფესიონალიზმით, ღირსებით, სამშობლოს სიყვარულით, რა თქმა უნდა, ღირსეულად გაუძღვებიან და ამიტომ, მე თქვენ წარმატებას გისურვებთ“,- განაცხადა სესიაშვილმა.