ირაკლი სესიაშვილი - გიგი უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და ეჭვები მოიხსნება
ირაკლი სესიაშვილი - გიგი უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და ეჭვები მოიხსნება

ხელისუფლების ინტერესია, პოლარიზაციის პროცესი შემცირდეს. სწორედ ამიტომ ოპონენტებს მოვუწოდებთ, დიალოგში ჩაერთონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, სესიაშვილის შეფასებით ოპოზიციას დიალოგი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პროცესი დესტრუქციისკენ წაიყვანოს და მხოლოდ მისთვის მისაღები წინადადებებით სიტუაცია ჩიხში შეიყვანოს.

„ევროპელი კოლეგების განცხადებას მივესალმები, რომ დიალოგი აუცილებელია, ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს, რადგან პოლარიზაციის შემცირება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება. მეორე  მხრივ, ოპოზიციის რადიკალურ პოზიციებსა და მათ დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავ, რაც მათი პოლიტიკური ნაბიჯია. ვიმედოვნებ, საერთო ძალისხმევით დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, კანონის უზენაესობა სახელმწიფოს მთავარი პრინციპია.

„რაც შეეხება ევროკავშირის განცხადების შინაარსს, კანონის უზენაესობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ნებისმიერი მოწოდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის. „რუსთავი 2“-ის საქმეზეც ასეთივე განცხადებები გვესმოდა და ევროპარლამენტის წევრებს გარკვეული ეჭვები ჰქონდათ პოლიტიკურ მოტივაციაზე, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს სწორი და ობიექტური პასუხი გასცა.  მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას მმართველი გუნდი იღებს, როგორც პრინციპულ მოწოდებას კანონის უზენაესობის დაცვაზე.

„ამ მოწოდებას ვიღებთ, როგორც პრინციპულ მოწოდებას კანონის უზენაესობის დაცვაზე, რა მხრივაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებით ერთ-ერთი ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც, რაც გვახარებს.

ეჭვებისა და პოლიტიზებული განცხადებების გასაქარწყლებლად, რომ საქართველოში რამე ფორმით პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, კარგი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება. კანონის უზენაესობის აღსრულებას წინ ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ დაუდგება, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საკმაოდ მკაცრია საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც შეფასებებში.

„ქართული ოცნება“ გაცილებით მკაცრია პოლიტიკურ შეფასებებში, როცა ეს ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან რამე კორუფციულ ქმედებას ეხება. ბათუმის მერი მართლმსაჯულების წინაშეა და ამ საქმეზე პოლიტიკური მოტივაციის ეჭვები არავის გასჩენია. უგულავას საქმე წლების განმავლობაშია წარმოებული. მან პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, რითაც ალბათ, არაპირდაპირ დანაშაული აღიარა. ამ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. ადამიანურად არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს იჭერდნენ, მაგრამ იმის სურვილიც არ მაქვს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულს სჩადიოდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ასე ძალიან საჭიროა.