ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერიას ვურჩევ, ვანო მერაბიშვილს აუხსნას, რომ იმ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეიძლება
ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერიას ვურჩევ, ვანო მერაბიშვილს აუხსნას, რომ იმ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეიძლება

გიგა ბოკერიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მეგობარია, ვურჩევ, მას აუხსნას, რომ იმ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა და უკვე საზოგადოებას დამხობაზე ელაპარაკება.

„ცხადია, ქართველ ხალხს ის დანაშაულები არ დავიწყებია, რაც მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, „იმედი“-ს ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. სამწუხაროდ, მათ განცდა არ აქვთ, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად ბოდიში მოიხადონ, ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ. როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება. დანაშაულებს, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მთავარი შემოქმედის მონაწილეობით ჩაიდინა, ხალხი ვერ დაივიწყებს. უფრო მეტიც, მათ ამ დანაშაულების განცდის უნარი და მზაობა არ აქვთ. შესაბამისად, ცხადია, ისინი ისევ იმ გარემოსა და პოლიტიკურ იდეოლოგიაში ექცევიან, რომლის მთავარი ხერხია, როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ აურიონ სიტუაცია და დაუბრუნდნენ ძალადობას. ასეთ წარსულს არ დავუბრუნდებით. ქვეყანაში გვამების მოთხოვნა, რუსთაველზე სისხლიანი ადამიანების დაყრისა და სხვა მძიმე დანაშაულის დრო და ადგილი დასრულდა“, – დასძინა სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.