ირაკლი სესიაშვილი - გავრცელებულ ჩანაწერში პოლიტიკური მოტივი იკვეთება
ირაკლი სესიაშვილი - გავრცელებულ ჩანაწერში პოლიტიკური მოტივი იკვეთება

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, წარმოუდგენელია თემები, რაზეც ჩანაწერშია საუბარი, შესაბამისად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამის უკან პოლიტიკური მოტივი იყოს.

„პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია თემები, რაზეც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს. ასეთ ხელისუფლებასა და ქვეყანაში ნამდვილად არ ვცხოვრობთ. ამიტომ იკვეთება პოლიტიკური მოტივები, რადგანაც ყველა ვხვდებით, რომ ეს ხდება არჩევნებისთვის. აქამდე ადგილი ჰქონდა „რუსთავი 2“-ის მხრიდან ძალიან ბევრ პოლიტიკურ ფაბრიკაციას. მაშინ, როდესაც პროკურატურამ ისაუბრა, რომ კონკრეტულ ადამიანს დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით თუ ჩანაწერს არ მოიპოვებდა, ბუნებრივია, მიჩნდება ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები, შეკვეთილი გარკვეული სცენარი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ყველა კითხვას რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს პასუხი.

„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და ყველა პირი, ვინც ჩარეულია საქმეში, მიეცეს პასუხისგებაში. ამის სადარაჯოზე იქნება უმრავლესობა და პარლამენტი. აქ არის მიზანმიმართული გეგმა, თუ როგორ უნდა ისაუბროს ამა თუ იმ პირმა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, თუ ვისაუბრებთ შინაარსზე, ის უნდა ეფუძნებოდეს ავთენტიკურობას, რაც უკვე გამოძიების პრეროგატივაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, პროკურატურა აქტიურად მუშაობს, დაკითხული არიან კონკრეტული პირები. შესაბამისად, სესიაშვილი იმედოვნებს, რომ საკითხს მალე მოეფინება ნათელი.

„ამას აქვს პოლიტიკური მოტივები. ჩანაწერები, რაც წინა პერიოდში ვიხილეთ, იყო ფაბრიკაცია და ეს დადასტურდა. შესაბამისად, მიჩნდება ეჭვი, რამდენადაც კონკრეტული პირი იქნა გამოყენებული და მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით აიძულეს ასეთი ჩანაწერის ჩაწერა, ბუნებრივია, მიჩნდება ეჭვი, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური მიზნები და მოტივები. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ არის ეს ფაბრიკაცია, ხომ არ აქვს ამას პოლიტიკური მოტივები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, თუ გამოძიების შედეგად კონკრეტული დანაშაული გამოიკვეთა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა უკომპრომისო იქნება.