ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ტერიტორიებსა და სიწმინდეებზე, რაზეც წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეზობელ ქვეყნებს ეკუთვნოდა 
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ტერიტორიებსა და სიწმინდეებზე, რაზეც წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეზობელ ქვეყნებს ეკუთვნოდა 

ფაქტია, რომ იმ პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა კომისიის ფარგლებში საზღვრის დემარკაციის საკითხს, ყველა შეთანხმება მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა და გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოებს კითხვა, ხომ არ იყო აქ რაიმე მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ყველაფერს დაემატა ის, რომ არსებობს რუკა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“.

„ამ რუკის არც მოძიება მომხდარა და რიგ შემთხვევებში ეს რუკები დაკარგულია, დამალულია. თუ სურვილი არ ჰქონდათ, რუკა გამოეყენებინათ, ესეც ეჭვებს აჩენს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ტერიტორიებზე და სიწმინდეებზე ვსაუბრობთ, რაზეც თავის დროზე წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ჩვენი ტერიტორია არ არის და საბჭოთა კავშირის დროს ეკუთვნოდა მეზობელ ქვეყნებსო. ჩვენ აზერბაიჯანთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს და მიზანი არ არის ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ სამართლიანად დადგინდეს ის, რაც შეთანხმებითაა მიღწეული“, – განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.