ირაკლი სესიაშვილი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განხილული ანგარიში საერთო ჯამში პოზიტიურია, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ ვალდებულებები შეასრულა
ირაკლი სესიაშვილი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განხილული ანგარიში საერთო ჯამში პოზიტიურია, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ ვალდებულებები შეასრულა

ანგარიში, რომელიც განხილული იქნა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, საერთო ჯამში ძალიან პოზიტიურია და ყველა ერთხმად აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა, რომ საქართველო იყო ზედმიწევნით წარმატებული „კოვიდ-19“- თან ბრძოლაში, ეს არის ძალიან დასაფასებელი, – ამის შესახებსაქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულმა სწორმა მმართველობამ საქართველოს იმიჯი აამაღლა, რაც ქვეყანას ევროპული და ევროანტლანტიკური პერსპექტივების კონტექსტში გამოადგება.

ამასთან, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილში გარკვეულ შენიშვნებს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესრულების ანგარიშში არის ასახული, დეპუტატის თქმით, შენიშვნები აქამდეც იყო და ალბათ, მომავალშიც იქნება.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილში გარკვეულ შენიშვნებს, აქამდეც იყო, დღესაც არის და ალბათ, ხვალაც იქნება, რამდენადაც პოლიტიკური კონტექსტი ყოველთვის პოლიტიკურ შეფასებას და ამ ნაწილში სუბიექტურ დამოკიდებულებასაც აჩენს. ჩვენ არაერთხელ გვსმენია პოლიტიკური კრიტიკა ბევრ საკითხთან დაკავშირებით თუმცა მოვლენათა განვითარებამ, რიგ შემთხვევებში, სხვა შედეგი მოგვცა, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ 8 მარტის შეთანხმებაზე, ეს შეთანხმება არ არის ცალმხრივი, არის ორმხრივი შეთანხმება. რაც ფურცელზე წერია, მგონი, ყველას შეგვიძლია კითხვა და ნათლად თავისუფლად ვკითხულობ, რა წერია ამ შეთანხმებაში. შესაბამისად, როცა ევროპარლამენტის დეპუტატები, მიკერძოებული და მიუკერძოებელი, მოგვიწოდებენ შეთანხმების შესრულებას, ამას მოგვიწოდებენ ორივე მხარეს და არა ერთ მხარეს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

„ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისი ვალდებულებები, რაც ამ შეთანხმებაში წერია, შეასრულა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ შეთანხმების მეორე სუბიექტი, ანუ გარკვეული ოპოზიციური სპექტრი ამ შეთანხმებას შეასრულებს, იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდი პოლიტიკური გარემო, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევნებში მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მონაწილეობის უფლება. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, მეორე მხარეს არის გარკვეული პოლიტიკური ერთობა, რომელიც დესტრუქციის საფუძველს ეძებს.

„რას ვხედავთ მეორე მხარეს – მეორე მხარეს ვხედავთ ძალას, პოლიტიკურ გარკვეულ ერთობას, რომელსაც ჩვენ შევარქვით პირობითად, „ნაცმოძრაობის“ კლასტერი, რომელიც მუდმივად ეძებს საფუძველს, სიტუაცია წაიყვანოს დესტრუქციისკენ, რომ არჩევნები რაც შეიძლება დაძაბული იყოს, პოლარიზებული, მეტი წინააღმდეგობა იყოს, საზოგადოება რაც უფრო დაძაბული იქნება, მათთვის მეტი საშუალებაა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროვოკაციით ისარგებლონ, რაც სამწუხაროდ, არაერთხელ გაუკეთებიათ. ამიტომ ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობა იქნება, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. იმედი გვაქვს, დამოუკიდებელი დეპუტატებიც მხარს დაუჭერენ და ამით სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, თუმცა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი მხარს არ დაუჭერს, ეს მათი წილი პასუხისმგებლობა იქნება, როგორც პოლიტიკური კულტურა და დამოკიდებულება მათ შორის ამ შეთანხმების მიმართ, ისე საზოგადოებასთან პასუხისმგებლობა“, – აცხადებს სესიაშვილი.

მისი თქმუთ, აღნიშნული შეთანხმება აჩვენებს საერთო პოლიტიკურ კულტურასა და პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის.

„ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ, დანარჩენი, საზოგადოებამ განსაზღვროს, ვინ იქნება უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელეს.  ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულო ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს.