ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, გამოძიებას დაველოდოთ
ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, გამოძიებას დაველოდოთ

გამოძიებას უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე. აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის. დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე აბსოლუტურად ცალკეა და მას პროკურატურა იძიებს.

„რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული საქმე სავარაუდოდ ორი თვის ვადაში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.