ირაკლი სესიაშვილი - ძალიან კარგია, რომ პანკისის ხეობის საზოგადოება დიალოგის მნიშვნელობას ათვითცნობიერებს
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ პანკისის ხეობის საზოგადოება დიალოგის მნიშვნელობას ათვითცნობიერებს.
„დღეს, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც საუკეთესო გამოსავლის პოვნას დიალოგის ფორმატში ცდილობს. ვიღაც ამას სისუსტედ აღიქვამს, ვიღაც წარმატებად, მაგრამ ვთვლი, რომ ქვეყნისთვის დიალოგს ეთნიკური, რელიგიური განსხვავებულობის ფარგლებში უპირატესობა აქვს, თუმცა პანკისის ხეობა იქნება, სამტრედია თუ ფოთი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კანონს უნდა დავემორჩილოთ. სწორ შეფასებებს მივესალმები, რომ პოლიციის მიმართ ძალის გამოყენება გაუმართლებელი და მიუღებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში, როდესაც გიორგი გახარიას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ, დეპუტატებს კითხვები ექნებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პროპორციულად მოქმედებდა პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ვთვლი, რომ შსს-მ და მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველაფერი გააკეთეს, რათა კანონის ფარგლებში უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. როცა ყველას ვახსენებ, მთლიანად მოსახლეობას ვგულისხმობ. ვინმეს განცდა არ ჰქონდეს, რომ პანკისის ხეობა სხვა თემაა. ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ნაწილი. უნდა ვიზრუნოთ, რომ უსაფრთხოება წესრიგით მივაღწიოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში „სახალხო კრება“ გაიმართა, რომელზეც მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მივმართავთ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში. ამავდროულად, გამოვხატავთ დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო“, – აღნიშნულია მიმართვაში.