ირაკლი სესიაშვილი - დაზვერვის სამსახურისა და პარლამენტის წევრების შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს
ირაკლი სესიაშვილი - დაზვერვის სამსახურისა და პარლამენტის წევრების შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს

საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პარლამენტის წევრების შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილის განცხადებით, საინფორმაციო შეხვედრები ორ თვეში ერთხელ ჩატარდება, რათა პარლამენტის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის შესახებ.

„ამ შეხვედრებს მიეცემა პერმანენტული ხასიათი, რაც ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურსა და პარლამენტს შორის ურთიერთობისთვის და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათ საქმიანობაზე“, – განუცხადა პირველ არხს სესიაშვილმა.

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მოსმენა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ხვალ გაიმართება. საინფორმაციო ბრიფინგი დახურული იქნება.

ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და საიდუმლო ინფორმაციაზე ისაუბრებენ.