ირაკლი სესიაშვილი - დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის განცხადება ძალიან სამარცხვინოა
ირაკლი სესიაშვილი - დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის განცხადება ძალიან სამარცხვინოა

მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმიც ძალიან ბევრ რამეს ვერ თვლიდა და იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ასეთ მძიმე ვითარებაში ჩააგდო, ჩაითრია ომში და ამან მოუტანა ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ვერ გათვალა მისი ხელისუფლების შესაძლებლობები, ვერ გათვალა ვერც სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტი და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი ხელისუფლების უგუნურებაზე.

„რაც შეეხება მის დამოკიდებულებას და გუშინდელ განცხადებას დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში, ეს არის ძალიან სამარცხვინო ქცევა. სამარცხვინო ქცევაა, რადგანაც მაშინ ქვეყანას ძალიან უჭირდა და პრეზიდენტი სად დამალულიყო, არ იცოდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები, პარტნიორები, ლიდერები გვერდში დაგვიდგნენ, ჩამოვიდნენ და დღეს ასე მათი მოხსენიება, კიდევ ერთხელ უჩვენებს მის უტიფარ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ჩვენს საერთაშორისო, ღირსეულ პარტნიორებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს (IWPR) გუშინ ინტერვიუ მისცა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები და ეს არის კოლონიალიზმის გადმონაშთი.