ირაკლი სესიაშვილი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ სურვილი ექნებათ, მზად ვართ, შუამავლის როლი ვიკისროთ
ირაკლი სესიაშვილი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ სურვილი ექნებათ, მზად ვართ, შუამავლის როლი ვიკისროთ

ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თუ სურვილი ექნებათ, საქართველო მზადაა, შუამავლის როლი იკისროს.

„ომი არის ყველაზე ცუდი რამ, რითაც შეიძლება, საკითხები მოგვარდეს. ჩვენ ქვეყანას აქვს მართლაც გამორჩეული ისტორია და ტრადიციები განსხვავებული ეთნიკური წარმომადგენლების ერთად ჰარმონიულად ცხოვრებისა. ეს ჩვენი ტრადიცია და დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ.

ყველას მოვუწოდებ, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, ასჯერ გაზომონ თავიანთი სიტყვა და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირონ პოზიციები. ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესია, რომ ურთიერთპატივისცემით შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში ტრადიციულად ჰარმონიული დამოკიდებულება. ჩვენ მეზობლებთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს. თუ მხარეებს ამის სურვილი ექნებათ, ჩვენ მზად ვართ, შუამავლის როლი ვიკისროთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.