ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, თუმცა საერთაშორისო არენაზე რუსეთს ყველგან ვამარცხებთ
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, თუმცა საერთაშორისო არენაზე რუსეთს ყველგან ვამარცხებთ

რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს  პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეპორტირებული მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პოლიტიკური გამარჯვებაცაა.

„დიახ, ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, თუმცა საერთაშორისო არენაზე რუსეთს ყველგან ვამარცხებთ. დეპორტირებულების საკითხი ერთ-ერთი ფაქტორია, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებს მუდმივად არღვევდა. ჩვენმა მოქალაქეებმა ზიანი მიიღეს და მისი ანაზღაურება მოხდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“,  – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.