ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, „დედოვშჩინაზე“ საუბარისას საკუთარ წარსულში ჩაიხედონ
ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, „დედოვშჩინაზე“ საუბარისას საკუთარ წარსულში ჩაიხედონ

ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ბუნებრივია, ჩვენი ჯარისკაცების უფლებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში საკმაოდ ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს არ მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე.

„გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ცუდი ფაქტი მოხდა. სამინისტრომ დროულად მოახდინა რეაგირება, ეს ასეც იქნება ყოველთვის. ჯარში „დედოვშჩინაზე“ და სისტემურ პრობლემებზე საუბარი მიუღებელია. თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ არის და ჯობია, საკუთარ წარსულში ჩაიხედონ. ამ ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი ჯარისკაცების უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირპისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.