ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ამოცანაა, არსებულ გამოწვევას მთელი რესურსითა და შესაძლებლობებით ვებრძოლოთ, თუმცა გვქონდეს მინიმალური ზარალი
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ამოცანაა, არსებულ გამოწვევას მთელი რესურსითა და შესაძლებლობებით ვებრძოლოთ, თუმცა გვქონდეს მინიმალური ზარალი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს უკვე იყენებს, მაგრამ ამას არ ეძლევა იურიდიული სახე, რომ ეს არის საგანგებო მდგომარეობა.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციებით შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტების გამოყენება უკვე ხდება.

„კარგია, რომ საზოგადოება დაწესებულ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს სწორად იღებს. ყველას ესმის, რომ ეს საფრთხე სახელმწიფოსა და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენი ამოცანაა, რომ არსებულ გამოწვევას მთელი რესურსითა და შესაძლებლობებით ვებრძოლოთ, თუმცა მინიმალური ზარალი გვქონდეს. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ და ბალანსის დაცვა მოვახერხოთ, რათა დავიცვათ მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა და შევინარჩუნოთ ქვეყნისთვის საჭირო სასიცოცხლო ელემენტები, რაც
ქვეყნის განვითარებას არ შეაფერხებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.