ირაკლი სესიაშვილი - მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული რომელიმე ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რასაც ჩვენი მეზობლები პატივისცემით ეპყრობიან
ირაკლი სესიაშვილი - მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული რომელიმე ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რასაც ჩვენი მეზობლები პატივისცემით ეპყრობიან

საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მოწოდება არის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მეტი დრო და რესურსი იყოს გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესშია, რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს.

ამასთან, სესიაშვილი ამბობს, რომ მეზობელმა სახელმწიფოებმა იციან საქართველოს მიდგომა საქართველოს ტერიტორიების ტრანზიტისთვის და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მიდგომას პატივისცემით ეკიდებიან.

„მეზობელ ქვეყნებში, ჩვენს რეგიონში განვითარებულ ძალიან რთულ პროცესს ყველა აკვირდებით. ამჟამად მიმდინარეობს ძალისმიერი შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ჩვენი საერთო მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მეტი დრო და რესურსი იყოს გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.

იცით, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. ცხადია, ჩვენ ვუერთდებით საერთაშიროსო თანამეგობრობას ამ მოწოდებებში. იცით, რომ საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებაში გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ჩვენს პოზიციებს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის. ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან. ვაანალიზებთ სიტუაციას, პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.