ირაკლი სესიაშვილი - ჩემი ინიციატივაა, საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯებით გავრცელება დასჯადი იყოს 
ირაკლი სესიაშვილი - ჩემი ინიციატივაა, საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯებით გავრცელება დასჯადი იყოს 

საქართველოს რუკის დამზადება, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს. ეს ინიციატივა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის. მისი განმარტებით, სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სესიაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენების მთავარი საფუძველი რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები გახდა.

„თქვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში კრემლმა ერთგვარად პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა ქართული რუკა და მას ამახინჯებს, ხდება ამ სახით ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე, ხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯება. ამიტომ, ჩემი ინიციატივაა, თუკი მოხდება ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი რუკების დაბეჭდვა, გავრცელება, რეკლამირება, სხვადასხვა საგნებზე განთავსება, მათ შორის იმპორტი ან ექსპორტი, ეს იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ჩემი აზრით, უნდა განისაზღვროს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, ისევე, როგორც მაგალითად, დროშის შეურაცხყოფის შემთხვევაში არის სასჯელი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა ბიუროზე უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.