ირაკლი სესიაშვილი - ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
ირაკლი სესიაშვილი - ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩანაწერის ავთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩვენ სულ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ, იმ ჩანაწერების ავთენტიკურობა, რაც „რუსთავი 2“-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, პირდაპირი ნდობა აქ ვერ მექნება და გამოძიებას დაველოდები“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, კითხვები გაჩნდა, რადგან ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის მეთოდოლოგია და საუბარი, რაც ჩანაწერში ისმის.

„თავისთავად ცხადია, კითხვები არსებობს. ბუნებრივია, ეს კითხვები ყველას გაუჩნდა, რამდენადაც ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია საუბარი და მეთოდოლოგია, რაზეც ჩანაწერში ხმა ისმის. ამიტომ ცხადია, კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნდობა ჯერ ვერ მექნება, სანამ გამოძიება არ დასრულდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.