ირაკლი სესიაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არ ბრუნდება ხელისუფლებაში, არ წასულა პოლიტიკიდან, ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი
ირაკლი სესიაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არ ბრუნდება ხელისუფლებაში, არ წასულა პოლიტიკიდან, ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი

ბიძინა ივანიშვილი არ ბრუნდება ხელისუფლებაში, არ წასულა პოლიტიკიდან, ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში.

„2012 წელს ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები განვახორციელეთ ქვეყანაში. გადავდივართ განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, შესაბამისად, ქვეყნის წინაშე არსებობს ახალი გამოწვევები, მათ შორის, რა თქმა უნდა, მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშე. ამიტომ, მმართველი გუნდის განვითარების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ბრუნდება ხელისუფლებაში, არ წასულა პოლიტიკიდან, ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი. პარტიას სჭირდება ახალი და ევროპული ტალღა, რათა პარტია გაძლიერდეს. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე მოსახლეობის სურვილების გატარება შევძლოთ. ის, რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ეს არის მედიაბრენდი. შეიძლება იყო აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება იყო ემოციური ფონი, თუმცა არ იყო დაპირისპირება. ყრილობის შემდეგ „ქართული ოცნება“ დარჩება ისეთივე ძლიერი და ერთიანი, ასევე ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.