ირაკლი სესიაშვილი - აუდიტის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციული ხარვეზებია გამოსასწორებელი, თუმცა არანაირ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს
ირაკლი სესიაშვილი - აუდიტის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციული ხარვეზებია გამოსასწორებელი, თუმცა არანაირ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს

აუდიტის სამსახურის ანგარიშში არის გარკვეული ხარვეზები, დარღვევები, თუმცა ძირითადი ნაწილი განპირობებულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობით, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განიხილავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015-2016 წლების ფინანსურ საქმიანობას.

„ძალიან ბევრი შეცდომაა ტექნიკურ დავალებებში, არის ჩაშლილი ტენდერები, რიგ შემთხვევებში, არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე.

აუდიტის ამ დასკვნის შემდეგ საუბარი მქონდა უკვე დღევანდელ თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ლევან იზორიასთან და აქ მთელი რიგი პრობლემები გამოსწორებულია, ამიტომ ეს ანგარიში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრებს დავიბარებთ და მოვისმენთ მათ ანგარიშებს, მათ შორის გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აღნიშნულია ანგარიშში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ანგარიში საგანგაშო არ არის. როგორც სესიაშვილი ამბობს, ძირითადად, საქმე ეხება ადმინისტრაციულ დარღვევებს.

„ძირითადად საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ ხარვეზებთან, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა. აქვე, ერთგვარი გულისწყრომა მინდა გამოვხატო, რომ მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილავთ საიდუმლო შესყიდვებს, ამაზე წინასწარ დასკვნების გამოტანა, როცა ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მითუმეტეს როდესაც ჯერ ნდობის ჯგუფი არ ჩატარებულა, ვფიქრობ, ელემენტარულად არაეთიკურია. ამაზეც, ალბათ, ვისაუბრებთ, რომ რაღაც სტანდარტი დავამკვიდროთ.

საერთო ჯამში, მთავარი არის, რომ საპარლამენტო კონტროლის ეს ძალიან ძლიერი მექანიზმი ამოქმედებულია. ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველ თვე გვექნება ნდობის ჯგუფის შეკრებები და ამ შეხვედრების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მთავრობაც და შესაბამისი სამინისტროებიც მიიღებენ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.