ირაკლი სესიაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია
ირაკლი სესიაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილისთვის დამაჯარებელი არ არის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და ამის შედეგად გარდაიცვალა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სეპარატისტული რეჟიმის მორიგ მსხვერპლს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტების გასაგზავნად მზად არის.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს დაადგინოს, რეალურად რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ყველა დონეზე ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას.

მეტიც, ჩვენ მზად ვართ, სამხარაულის ექსპერტები გავგზავნოთ, რამდენადაც ეს მძიმე ფაქტი ზოგადად, ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და მომავალ მშვიდობიან ყოფნაზე იქ“, – განაცხადა ირაკალი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ე.წ. ოთხოზორიას სიის შემქმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის სანქციების დაკისრების თაობაზე, სესიაშვილი ამბობს, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ისედაც სისხლის სამართლის დევნის ობიექტი გახდება და თუკი ინიციატივა რამე სხვა ფორმით გამოკვეთს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, ის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.