ირაკლი სესიაშვილი - არავის გაჰკვირვებია სააკაშვილის პოლიტიკური ბაქიბუქი, უკრაინის საჯარო მოხელისგან საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე საუბარი რეაგირების გარეშე არ დარჩება
ირაკლი სესიაშვილი - არავის გაჰკვირვებია სააკაშვილის პოლიტიკური ბაქიბუქი, უკრაინის საჯარო მოხელისგან საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე საუბარი რეაგირების გარეშე არ დარჩება

არავის გაჰკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისი ქვეყნის წინაშე პოლიტიკური დამნაშავე და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილია.

ამასთან, სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე საუბარი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.

ეს ყველაფერი აგებულია მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე იქნება.