ირაკლი სესიაშვილი - არაკორექტულად ვთქვი, რომ ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე, მინდა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო
ირაკლი სესიაშვილი - არაკორექტულად ვთქვი, რომ ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე, მინდა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, დღეს განცხადებების დროს, საუბრობდა ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ-ორ საათზე.

„ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ-ორ საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და მინდა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ-ორ საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა.