ირაკლი სესიაშვილი - ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა
ირაკლი სესიაშვილი - ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა

ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის დარბაზიდან საზოგადოება ელოდება არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ ობიექტურ შეფასებებს და დასკვნების გამოტანას.

„რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი გაეცა ყველასგან. იმის ნაცვლად, რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრევე გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი გადაზარდეს ძალადობრივ აქტში. ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სულ მცირე, მათი დასუსტების მიზნით, ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო ქცევა და ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება.

„მინდა პოლიციის მოქმედება შევაფასო, რადგან ძალიან ბევრია საუბარი, როგორ მოქმედებდა პოლიცია. რა თქმა უნდა, ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლუტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში და შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, ეს იყო იძულებითი აუცილებლობა. ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ.

მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, რადგან მათი პოლიტიკური მადა არის ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან ამ პოლიტიკური ჭირისგან.

მეორე მხრივ, ადეკვატურები უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაც მოხდა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა, ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.