ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ღირსეული პოლიციელები ჰყავს და გავუფრთხილდეთ 
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ღირსეული პოლიციელები ჰყავს და გავუფრთხილდეთ 

საქართველოს ღირსეული პოლიციელები ჰყავს და გავუფრთხილდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 15 წლის მოზარდის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილმა მედიას მიმართა, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გაშუქებას.

„უპირველესად, ჩემი პირადი მწუხარება ძალიან მძიმე ტრაგედიის გამო. ვფიქრობ, ზოგადად ყველა ვართ დამნაშავე. ყველას გვაქვს სურვილი და მოლოდინი, საქმე დროულად იყოს გამოძიებული და რაც მთავარია, მომავალზე ვიფიქროთ. მინდა, ყველას უმორჩილესად გთხოვოთ, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად მოეკიდოთ. როგორც მოზარდებთან მიმართებით ამ ფაქტის პირობებში, ასევე პოლიციელებთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, არაპირდაპირ გამოვიწვიოთ ადამიანებში, განსაკუთრებით მოზარდებში, ისეთი ფსიქოლოგიური სტრესები, რამაც შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პოლიტიკოსებისგან, სამწუხაროდ, ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ მედიასაშუალებებს ვთხოვ, თუნდაც ფსიქოლოგები აიყვანონ და ძალიან ფრთხილად გააშუქეთ ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა მოვლენა. მათ შორის, ამ თემაზე კომენტარები და მიდგომები. თუ საჭიროა, შიდა ცენზურაც გამოიყენეთ. იმიტომ, რომ ამან შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომებზე იქნება შესაბამისი რეაგირება.

„რაც შეეხება პოლიციელებთან მიმართებით, თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე დაისჯება, ვინც უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ ყველას გთხოვთ, პოლიციელებს პატივი ეცით, რომლებიც იცავენ თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ზოგადად ვამბობ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით. ამ გადაცდომებზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება. დანარჩენი, თემის პოლიტიზება ახალი არ არის ჩვენთვის და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ ასეთ თემებს, მაგრამ მედიასაშუალებებს და მოქალაქეებს მინდა, ვთხოვო, პოლიციას გავუფრთხილდეთ. ამ ქვეყანას ღირსეული პოლიციელები ჰყავს და გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს მოცემულობა, რომლითაც კმაყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რეფორმები დღემდეც განხორციელდა და მომავალში გაგრძელდება.