ირაკლი სესიაშვილი - არ შეიძლება სამხედროებისა და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა, ეს ანგრევს სისტემას
ირაკლი სესიაშვილი - არ შეიძლება სამხედროებისა და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა, ეს ანგრევს სისტემას

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ადამიანებს რომლებიც აპელიერებენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ომთან დაკავშირებით, რატომღაც ავიწყდებათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე ევროპულ საბჭოში მხარდაჭერილი აქვს რეზოლუცია, რომელშიც გაცილებით მძიმედ არის წარმოდგენილი საქართველოს პოზიციები.

სამხედროების იმ ნაწილს რომლებიც სალომე ზურაბიშვილის აკრიტიკებენ, სესიაშვილი აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს ახსენებს, როცა მისი თქმით, წინა ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გადაფარვის გამო დაერია ღირსეულ ჯარისკაცებს და ისინი დეზერტირობის მუხლით გაასამართლა. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში კი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს.

„ამ განცხადებების უკან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები დგას. გული მწყდება, რომ ელემენტარულად ვერ ხდება იმ პრინციპების დაცვა, რაც აღიარებულია საერთაშორისო ნორმებით – არ შეიძლება სამხედროებისა და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა. ეს ანგრევს სისტემას. ჩვენ კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმაში განცხადებებს აკეთებდნენ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ამ ქმედებით, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამას კამპანიური ხასიათი აქვს, კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობასთან. დაუშვებელია და ეს არის არასწორ ქმედება რაც არღვევს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და იმ პრინციპებს, რომ ქვეყნის მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის ქვეყნის ჯარისკაცს აქვს თავისი ადგილი, ის არ ერევა პოლიტიკაში, ეს აღიარებულია მსოფლიოში და ეს პრინციპი ყველამ უნდა დავიცვათ. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ამის განცდა არ აქვთ, უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს და ეს არის მათი სახე”, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.