ირაკლი სესიაშვილი - არ გეგონოთ, რომ კომენდანტის საათის დრო ჰაერიდან მოტანილია, ის ეყრდნობა სწორ საერთაშორისო პრაქტიკას
ირაკლი სესიაშვილი - არ გეგონოთ, რომ კომენდანტის საათის დრო ჰაერიდან მოტანილია, ის ეყრდნობა სწორ საერთაშორისო პრაქტიკას

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები კავშირშია საპოლიციო, ადამიანური რესურსის გამოყენებასთან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენდანტის საათზე კითხვები აქვს. სესიაშვილის თქმით, შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს იდეაფიქსი არ არის.

„შეზღუდვების დროს შესაბამისი წესების შესრულებას სწორი მართვა სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. დაწესებული შეზღუდვები 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კავშირშია საპოლიციო, ადამიანური რესურსის გამოყენებასთან. ამასთან კავშირშია ასევე კრიმინალთან ბრძოლის ელემენტები და დამატებითი მართვითი კომპონენტები. არ გეგონოთ, რომ ეს დრო ჰაერიდან მოტანილია. ეს ეყრდნობა სწორ საერთაშორისო პრაქტიკას. ამის შესაბამისი სტანდარტები არსებობს. ეს არ არის ველოსიპედი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიგონა. როცა საგანგებო მდგომარეობაა, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ისეთი ფორმა და წესი გამოძებნოს, რომელიც უკეთესად უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმებს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.