ირაკლი სესიაშვილი - ანრი ოხანაშვილი მაღალი კვალიფიკაციის იურისტია და გაწონასწორებული პოლიტიკური მიდგომებით გამოირჩევა  
ირაკლი სესიაშვილი - ანრი ოხანაშვილი მაღალი კვალიფიკაციის იურისტია და გაწონასწორებული პოლიტიკური მიდგომებით გამოირჩევა  

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი იურისტია და ასევე, გაწონასწორებული პოლიტიკური მიდგომებით გამოირჩევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, სესიაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„პიროვნულად მას დავახასიათებდი, როგორც ძალიან ძლიერ და კარგ პიროვნებას. პირადად ჩემგან მხარდაჭერა ექნება. ჩვენ არ ველოდებით, რომ უმცირესობისა თუ ოპოზიციის მხრიდან რამე ტიპის მხარდაჭერას მივიღებთ. ეს მათი ოპოზიციური ნიშაა. ოპოზიცია ცდილობს, ის პოლიტიკური ნიშა დაიჭიროს, რაც გულისხმობს, რომ ისინი უმრავლესობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი დღეს აირჩევს. საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.