ირაკლი სესიაშვილი - ახლა დემოკრატიულ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდეთ, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს
ირაკლი სესიაშვილი - ახლა დემოკრატიულ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდეთ, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს

ახლა დემოკრატიულ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდეთ, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპონენტებს მიმართა.

„გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა და ეს იყო უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა, საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს და შეამციროს საგარეო საფრთხეები. მან უნდა გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მინიმუმ პრევენციულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორე მხრივ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც მისი საქმიანობით, მისი აქტიური მოქმედებებით მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა.

ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგვყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ ორივე მხარეს. აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო – დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატის სწორედ წლების მანძილზე გახლდათ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან ახლა რომ დემოკრატიულ საქართველოში არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ ჩვეულებრივად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს.

ასე რომ, ამ დამოკიდებულებით, ერთმანეთთან და ამ საარჩევნო კამპანიით ერთმანეთთან ქიშპობა ჩვენ ინტერესში ნამდვილად არ შედის და მე, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას მინდა მივმართო, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არჩევნებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანია, საზოგადოებამ აირჩიოს საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც შეასრულებს ფუნქციებს, რაც ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და გარანტიებს.

„ჩვენი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი არის, რომ ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება იმ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და გარანტიებს, მაგრამ მე რასაც ვხედავ, დღეს და მთელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრის განცხადებებში გამოიხატება, ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის.

საერთო მიზნები და სიგნალები, რასაც მე ვაანალიზებ, მიზანმიმართულია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები. როგორც თქვენ ვერ გაბედეთ და ვერ აიღეთ დანაშაულებრივ წარსულზე პასუხისმგებლობა, ვერანაირად ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ. ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება ეს არის უბედურებისგან თავის დაღწევა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ყველამ ერთად თავი დავაღწიეთ იმ უბედურ – თქვენს დიქტატორულ მმართველობას და კარგად გვაქვს გააზრებული, რა არჩევანი და როგორ უნდა გავაკეთოთ. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს აქტიური და მაქსიმალურად გავიაზროთ, რა საერთო პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.