ირაკლი სესიაშვილი - ადამიანების დაჯარიმება ჩვენი მიზანი არ არის, მაგრამ რისკების შემცირებისა და ვირუსის გავრცელების დროულად აღკვეთისთვის, პრევენციული ღონისძიებები გვჭირდება
ირაკლი სესიაშვილი - ადამიანების დაჯარიმება ჩვენი მიზანი არ არის, მაგრამ რისკების შემცირებისა და ვირუსის გავრცელების დროულად აღკვეთისთვის, პრევენციული ღონისძიებები გვჭირდება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს იდეაფიქსი არ არის, რომ პირბადის გამოუყენებლობის გამო ადამიანები დააჯარიმოს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, პანდემიის პირობებში სოციალური პრობლემები წამოწეულია და სახელმწიფო ცდილობს, რომ დაეხმაროს მათ, ვინც სამუშაო ადგილები დაკარგეს, მაგრამ პირბადის სავალდებულო წესით ტარების მიზანი ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა.

„ჩვენი მიზანი არ არის, რომ ადამიანები დავაჯარიმოთ, მაგრამ ვირუსი არ გამქრალა, მთელ მსოფლიოში სერიოზულ გამოწვევად რჩება და საუბარია მეორე ტალღაზე. იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და დროულად შეგვეძლოს გავრცელების აღკვეთა, ამისთვის პრევენციული ღონისძიებები გვჭირდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომლის გათვალისწინებით, პირბადის გამოყენება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმებია გათვალისწინებული.

კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის – 500 ლარით.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ამასთან, ინიციატივით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

აღნიშნულის გარდა, მომზადებული პროექტით კონკრეტდება და ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის თანახმად, იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევისთვის – ფიზიკური პირი კვლავ დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.

ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული სხვა დარღვევები მძიმე ხასიათისაა და დაკავშირებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეში მოქმედი წესების დარღვევასთან. ამასთან, ინიციატორების ცნობით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ განმეორებით დაარღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული.