ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება დეზინფორმაციაა და ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმას ემსახურება
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება დეზინფორმაციაა და ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმას ემსახურება

ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

ამასთან, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის წარმომადგენლები პერიოდულად, ლუგარის ლაბორატორიას თავს ესხმიან, რაც თავის მხრივ, ჰიბრიდული ომის ნაწილია.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. რაც შეეხება რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილს, რაც ამ შემთხვევაში არის დეზინფორმაცია და მიზანმიმართულად პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან ამ ლაბორატორიაზე თავდასხმას. ეს არის პროპაგანდა დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანი არის ერთი მხრივ, საქართველო-შეერთებული შტატების დისკრედიტაცია და საქართველოში გარკვეული ვითომდა ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა, რაც სრული აბსურდი და სისულელეა. მაგრამ ეს არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი.  ცხადია, ჩვენ ამაზე ყოველთვის გვაქვს მკვეთრი განცხადება, ისევე, როგორც შეერთებული შტატების საელჩოს ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებია.  კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ლუგარის ლაბორატორია არის უნიკალური და ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას.  ეს რუსული ნარატივია და ამ ნარატივს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რეალობა და ობიექტურობა დავუპირისპიროთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ოკუპანტს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით  მისი მეზობელი ქვეყნის წარმატება აწუხებს.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს ხელისუფლება არ რეაგირებს, როგორ შეიძლება ტყუილზე რეაგირება მოახდინო ან რა ტიპის რეაგირება უნდა გქონდეს ამ ყველაფერზე. ჩვენი სწორი რეაგირება არის მაგალითად, „კოვიდთან“ წარმატებული ბრძოლა, მაშინ როდესაც რუსეთს ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და შესაძლოა, სწორედ ეს აწუხებს ჩვენს ოკუპანტს, რომ მისი მეზობელი აი, ასეთი წარმატებულია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დატოვე კომენტარი