ირაკლი რუხაძე - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაში არ შედის
ირაკლი რუხაძე - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაში არ შედის

„მაგთიკომის“ 46-პროცენტიანი წილის მმართველი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაში არ შედის.

რუხაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაში მონაწილებდა, სადაც კანონს განიხილავდნენ.

იგი მიიჩნევს, რომ კარგად არ არის განსაზღვრული, რა პირობებში ინიშნება ამა თუ იმ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დროებითი მმართველი.

„კანონპროექტში არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს. ფაქტობრივად, თუ კომისიამ ჩათვალა, რომ ქვეყნის ან საზოგადოების უსაფრთხოება მუქარის ქვეშ დგას, შეუძლია, აამუშაოს კანონი. ეს არის საკმაოდ ზერელე წინადადება. აბსოლუტურად სუბიექტურია გადაწყვიტო, ემუქრება თუ არა ქვეყნის უსაფრთხოებას რაღაც საფრთხე. არანაირად არ შედის ტელეკომინიკაციის მარეგულირებლის კომპეტენციაში ასეთი საკითხების გადაჭრა“, – აღნიშნა რუხაძემ.

წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თუ მარეგულირებელი ვერ ახერხებს კანონდამრღვევი კომპანიის წინაღმდეგ კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას, ხოლო ლიცენზიის ჩამორთმევამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მომხმარებლის ან სახელმწიფო ინტერესებს, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მარეგულირებელს კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანის უფლება ეძლევა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დღეს წარადგინა.