ირაკლი რუხაძე – პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან კამერებმა გადაიღეს ავტომობილები, რომლითაც სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე

11:31, 21.05.2025

პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის ავტომობილები, რომლითაც სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

რუხაძის თქმით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოხვდნენ, რათა „იმედზე“ ამის შესახებ არაფერი ეჩვენებინათ.

„მე წარმოვადგენდი ჯგუფს, რომელიც მართავდა ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბიზნესჯგუფი ვიყავით და ამიტომ ბიზნესი გვაინტერესებდა. სულაც არ მაინტერესებდა, მაგალითად, „იმედი“, „დინამო თბილისი“ ან სხვა აქტივები, რომლებიც ბადრის ჰქონდა. ჩვენ „ბორჯომი“ ვიყიდეთ, ეს ხომ ჩვენი დიდი ინვესტიციაა, შემდეგ, 2007 წელს „მაგთიკომის“ წილი შევიძინეთ. უფრო ასეთი აქტივები გვაინტერესებდა. ბადრი პატარკაციშვილმა რომ დაინახა, რაღაცები კარგად გამოგვდიოდა, გვითხრა, თუ გინდათ, მეტი და მეტი ფული მოგცეთ, ჩემი ფული სხვა ადგილებში დააბანდოთ, მაშინ ისეთი აქტივებიც მართეთ, რომლებიც საქართველოში მჭირდებაო. ასე მოვხვდი „იმედში“. რეალურად, მე „იმედის“ ფინანსური მმართველი ვიყავი. 2004 წლიდან, თითქმის გახსნიდან ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და უფრო ფინანსური კუთხით ვუყურებდი „იმედს“, თუმცა ყველაფერი მესმოდა და ვუყურებდი, რა ხდებოდა. მთავრობასთან პირველი ჩვენი რეალური დაპირისპირება მოხდა 2006 წელს, ფაქტობრივად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის ავტომობილები, რომლითაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც ასევე ბადრი პატარკაციშვილის სახლის გვერდზე იყო. ბადრის ხელში ჩავარდა ის ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს. უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რათა არაფერი გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან იყო მეგობრულად, ოღონდ არ აჩვენო და რაც გინდა, გვთხოვეთო. რა თქმა უნდა, ბადრი იყო ამისი ცენტრი. შემდეგ ეს ყველაფერი გადავიდა მუქარებზე. რაღაც მომენტში ჩემამდეც გადმოვიდა, რადგან მეც ბევრ ხალხს ვიცნობდი თბილისიდან. გიგა ბოკერია ჩემი მეზობელი იყო, ჩემს ეზოში გაიზარდა. ამიტომ ჩემზეც გადმოვიდა, არ აჩვენოთო. ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტალური და ჩვენ, ყველანი გვერდით ვედექით, რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ კიდეც „იმედზე“. აქედან დაიწყო, ფაქტობრივად, არევა მთელი სიტუაციის საქართველოს მთავრობასთან. ამის შემდეგ არცერთი ტენდერი არ მომიგია, ტენდერს თუ მოვიგებდით და გაიგებდნენ, ჩვენ ვმონაწილეობდით, იმ წუთში აუქმებდნენ. მაგალითად, რიყის ტენდერი მოვიგეთ და როგორც კი გაიგეს, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობდა, მაშინვე გააუქმეს. „წყალკანალის“ ტენდერი მოვიგეთ და არ გაგვატანეს. უამრავი რაღაც იყო, არსად გვიშვებდნენ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მსგავსი