ირაკლი რუხაძე - ნიკა გვარამიას ახლა რომ თავი მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, ამერიკის საელჩოში დადიოდა და უმტკიცებდა ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი
ამერიკის საელჩოში დადიოდა ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
რუხაძემ კომისიის სხდომაზე „იმედის“ დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ამერიკის საელჩოში დადიოდა ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი. „ვიკილიქსში“ რომ ნახოთ ამერიკის საელჩოს რამდენიმე დეპეშა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მიდის, იქ აღწერილია ყველაფერი, როგორ უნდოდათ ჩემი დაჭერა. მაშინდელი ელჩი იქ წერს, რომ ეს, რეალურად, „იმედის“ გამო ხდებოდა. „ნიუსკორპი“, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ამერიკაში, ორჯერ ელაპარაკა კონდოლიზა რაისს. შემდეგ ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად მერდოკმა მითხრა, რომ ასეთი სიტუაცია არ მქონია, ამერიკის მთავრობიდან მირეკავდეს ხალხი და მიმტკიცებდეს, უნდა გამოვიდე „იმედიდან“, რადგან პრორუსულია და რუსეთის შემოყვანა უნდა საქართველოშიო – იგივე რიტორიკა, რაც დღეს არის. საბოლოოდ, მერდოკი მაინც გავიდა „იმედიდან“, თუმცა ვიდრე იყო, მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიშვეს „იმედში““, – აღნიშნა რუხაძემ.