ირაკლი რუხაძე - 2007 წელს „იმედში“ რომ შეგვიშვეს, აპარატურა ადგილზე დაგვხვდა,  უკან ჰქონდა სტიკერი - „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ანუ იქიდან მოხსნეს და დამტვრეული ტექნიკის ნაცვლად მოიტანეს
ირაკლი რუხაძე - 2007 წელს „იმედში“ რომ შეგვიშვეს, აპარატურა ადგილზე დაგვხვდა, უკან ჰქონდა სტიკერი - „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ანუ იქიდან მოხსნეს და დამტვრეული ტექნიკის ნაცვლად მოიტანეს

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა გაიხსენა.

ირაკლი რუხაძის თქმით, „იმედის“ დარბევისას ფოტომასალა ძირითადად მაშინდელმა ამერიკელმა გენერალურმა დირექტორმა გადაიღო, რომელსაც ტელეფონის წართმევა მხოლოდ იმიტომ ვერ გაუბედეს, რომ ამერიკელი იყო.

„ამერიკელი გენერალური დირექტორი გვყავდა მაშინ. „ნიუსკორპთან“ გვქონდა პარტნიორობა, მერდოკის კომპანიასთან, რომელიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარა „იმედის“ დაბრუნებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ეტყობა, ამ კაცს ვერ გაუბედეს ტელეფონის წართმევა, იმ ლოგიკით, რომ ამერიკელი იყო და ქართველი შეიძლება დაჩაგრო, ამერიკელი – არა. დანარჩენებს ყველას დაულეწეს ტელეფონები, წაართვეს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. ჩუმად იღებდა, მაგრამ ამ ფოტოებს შემდეგ მტკიცებულებებად ვიყენებდით, როდესაც საქართველოს მთავრობას ვუჩიოდით სხვადასხვა სასამართლოში“, – აღნიშნა რუხაძემ.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძემ გაიხსენა, რა სურათი დახვდა, როდესაც „იმედის“ დარბევის შემდეგ ტელეკომპანიაში მისვლის შესაძლებლობა მიეცა.

„მერდოკი გავიდა „იმედიდან“, მაგრამ ვიდრე მერდოკი იყო, მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიშვეს „იმედში“. ძალიან კარგად მახსოვს, ბევრი ელჩი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან. მე ვიყავი, მგონი, გიორგი თარგამაძეც იყო, სოზარი, მერდოკის წარმომადგენელი. არ მახსოვს, ზუსტად როდის იყო ეს დღე, მაგრამ 18 დეკემბერს დავიბრუნე და სადღაც 7 ნოემბერსა და 18 დეკემბერს შორის პერიოდია. ძალიან გაკვირვებული დავრჩით, რომ შევედით, რადგან აპარატურა ადგილზე იდგა. ვიცით, ნანახი გვაქვს დამსხვრეული, დამტვრეული აპარატურა, უცებ კი დავინახეთ, რომ ეს აპარატურა ადგილზე დგას. ერთ-ერთ აპარატურას ვეცი, მოვატრიალე, რა არის, რა დგას-მეთქი და ვნახე, რომ უკან ჰქონდა სტიკერი – „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და ჰქონდა სტიკერი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ანუ, იქიდან მოხნეს აპარატურა, მოიტანეს, დადგეს და რომ არ არეოდათ, უკან სტიკერები დააკრეს, საიდანაც ჰქონდათ მოტანილი. ამიტომ არც „რუსთავი 2“ იყო კერძო კომპანია. წარმოიდგინეთ, კერძო კომპანიაში მოგადგნენ და წაიღონ შენი აპარატურა, რათა სადღაც ვიღაცას აჩვენონ. დღეს რომ მოვიდნენ „იმედში“, „ქართული ოცნება“ მოვიდეს და გვითხრან, აპარატურა უნდა წავიღოთ, სადღაც დავდგათო. ხომ ვიტყვით, რა უნდა დადგა, რა უნდა წაიღოთო. ასეთი ქვეყანა იყო. არც „რუსთავი 2“ იყო კერძო ტელევიზია, არც „იმედი“. ისე დავიბრუნე „იმედი“, რომ მისი ვითომ მფლობელი, გიორგი არველაძე თვალით არ მინახავს, ვიდრე გასაღები არ მოგვცა დილას. მოლაპარაკება მიმდინარეობდა გიგი უგულავასთან, რომელიც დარბოდა სააკაშვილთან და როგორც კი მოვილაპარაკეთ, „იმედი“ დაგვიბრუნეს. მფლობელი მე თვალით არ მინახავს, ერთ დოლარად მოგვყიდა, გადმოგვიფორმა ტელევიზია იმ ადამიანმა. ანუ, არცერთი მედია საქართველოში არ იყო დამოუკიდებელი და არ ეკუთვნოდა კერძო ჯგუფებს“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.