ირაკლი ქარსელაძემ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი ქარსელაძემ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოები ირაკლი ქარსელაძემ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პარმენ მარგველაძესთან და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა.

მისი თქმით, 51 კილომეტრიანი იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა შვიდ ლოტად არის დაყოფილი, საიდანაც ოთხი ლოტი უკვე დასრულებულია და დარჩენილ სამ ლოტზე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული გზა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ როგორც ამ რეგიონების დამაკავშირებელი, არამედ რაჭისთვის და ლეჩხუმისთვის იმ დიდი პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც მათ გააჩნიათ. კიდევ უფრო უსაფრთხო, კიდევ უფრო დაჩქარებული კავშირი, კიდევ უფრო მეტი ტურისტი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ რეგიონებისთვის რომ შეიქმნას დამატებითი დოვლათი და კიდევ უფრო განვითარდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

„პროექტი შვიდ მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები ხუთ ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დარსულებულია, დაგებულია 10 კმ-მდე გზა. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და ექვსი საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.