ირაკლი ქარსელაძე - ზემო სვანეთში 44 მილიონი ლარის ღირებულების ცხრა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
ირაკლი ქარსელაძე - ზემო სვანეთში 44 მილიონი ლარის ღირებულების ცხრა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

„ზემო სვანეთში, ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, რეაბილიტაციის და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით, ჯამურად 44 მილიონი ლარის ღირებულების 9 პროექტი მიმდინარეობს. აქედან 8 პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ცალკე აღსანიშნავია, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ და ველოდებით ტექნიკურ გადაწყვეტილებას “- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის 35 კმ-იანი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა, რომლის მშენებლობა 4 ნაწილად იყოფა, დაიწყება ქ.ლენტეხიდან, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9 კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან. ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო დაახლოებით 1,5 საათით შემცირდება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.