ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიღწევებზე ევროკომისართან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორთან პროდუქტიული შეხვედრები წარიმართა.

ირაკლი ქარსელაძემ ორმხრივი შეხვედრები საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა-ლიონა ვალეანისთან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეისთან გამართა.

მინისტრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის უწყებების, ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელთა ერთობლივ დახურულ შეხვედრაში.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც სატრანსპორტო სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, ისე უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი სირთულეების ეფექტიანი გადაჭრის საშუალებები.

„ვიმსჯელეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც გეგმის შესაბამისად, ისე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს ისეთი განვითარების დონე, რომ მისი ჩართულობა უკვე ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპის სატრანსპორტო და საგზაო ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ ევროკომისიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.