ირაკლი ქარსელაძე - სივრცითი დაგეგმარების კოდექსში ცვლილებები შევიდა
ირაკლი ქარსელაძე - სივრცითი დაგეგმარების კოდექსში ცვლილებები შევიდა

საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა, რომლის ფარგლებშიც, შემოვიდა მშენი ტერიტორიის განმარტება. რეალურად, ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა თუ კერძო პირებმა მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების ათვისება განაშენიანებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კერძო პირებს შეეძლებათ, გენერალური გეგმის კონცეფციის, დეტალური გეგმის, შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცედურული სპექტრის დარეგულირებას.

„მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნება შემოდის, რომლის ფარგლებშიც უკვე კონკრეტულ არეალებში იქნება გაცხადებული ამ განმარტებას დაქვემდებარებული შესაბამისი პროექტების განვითარება, შესაბამისი ხელშეწყობა და უკვე სივრცისულად დარეგულირება აღნიშნული საკითხის.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ მშენ ტერიტორიებზე აგრეთვე გათვალისწინებულია უკვე არსებული კანონმდებლობით შესაბამისი ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია განაშენიანება და უკვე ამ ჭრილში პირდაპირ იქნება შესაძლებელი დამუშავდეს შესაბამისი დოკუმენტი. განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ მაშინ, არამედ მშენ ტერიტორიებზეც იქნება შესაძლებელი და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეალურად მეორე კლასის შენობა-ნაგებობებს არ ექნებათ საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არქიტექტურული პროექტი, საინჟინრო, გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული საქმე-პროექტი, ტექნოლოგიური სქემის პროექტი, საექსპერტო დასკვნების მომზადება, გამომდინარე შინაარსობრივად დაბალრისკიანობიდან. რაც შეეხება უშენ ტერიტორიებს, ეს საკითხი არ იყო მოცული არსებული რედაქციით. ამ ცვლილებებით ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, საინტერესო, შინაარსიანი, როგორც დასახლებები, ასევე სხვადასხვა რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილები შეიქმნას“, – განაცხადა ქარსელაძემ.