ირაკლი ქარსელაძე - სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულია შესწავლა, ობიექტი მშენებარეა და  ექსპლუატაციაში მიღებული არ არის
ირაკლი ქარსელაძე - სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულია შესწავლა, ობიექტი მშენებარეა და ექსპლუატაციაში მიღებული არ არის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა, რამ გამოიწვია სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანება.

ქარსელაძის თქმით, ხიდი, რომელიც დაზიანდა, ექსპლუატაციაში შესული ჯერ არ იყო.

ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ყველა პროექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით ხორციელდება.

„ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. სამტრედია-გრიგოლეთის შემთხვევაში, მერვე ბურჯი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე ნაშენი ორი მალის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და მის დასრულებამდე შეუძლებელია, რაიმე კონკრეტული ვთქვა, ვინაიდან მიზეზები უნდა დადგინდეს. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ, ზოგადად, ჩვენ რაღაც ხარისხზე ვისაუბროთ, ჩვენი პროექტები საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით, ზედამხედველობით ხორციელდება, მათ შორის ხარისხის ნაწილში.

ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით ამოღებული იქნება დოკუმენტაცია, დამატებით შეისწავლება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, ეს არის მშენებარე ხიდი, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევე, როგორც ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა და არავინ არ დაშავებულა, შესწავლის შედეგად დადგინდება პასუხისმგებლობების საკითხი. კონკრეტულად ეს საკითხი გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, თუმცა თავი და თავი არის შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.