ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები უახლოეს მომავალში გაფორმდება
ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები უახლოეს მომავალში გაფორმდება

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსების გამოყოფა არის ის დიდი მხარდაჭერა, რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ჩქაროსნული გზების მშენებლობაში, – განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, ჩქაროსნული გზების უმეტესობა დაკონტრაქტებულია და დაწყებულია სამუშაოები უმეტეს მონაკვეთებზე.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. მათ შორის ერთი გვირაბი ცხრა კმ-იანია და მისი სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც იშვიათია მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ასევე, აღსანიშნავია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი არკული ხიდი, რომელიც საინჟინრო და არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ქვეშეთი-კობის პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის გამოწვევების გადაწყვეტის შესაძლებლობაა. ერთ ლოტზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება აგვისტოში გაფორმდება, ხოლო მეორე ლოტზე – სექტემბერში. მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და ცხრა კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის.

აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის გამოყო.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.