ირაკლი ქარსელაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებსა და დამატებით შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ირაკლი ქარსელაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებსა და დამატებით შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ქუთაისისა და ამბროლაურის შემდეგ ზუგდიდში გაიმართა.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა და საინტერესო არეალები წარმოადგინეს მუნიციპალიტეტებმა. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში, ეს არის დადიანების სასახლემდე მისასვლელი ბულვარი, ხობში – ეს არის ხობის წყალთან ჩასასვლელი ახალი პარკი და სარეკრეაციო სივრცე, ფოთში კი – ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პროგრამის ფარგლებში ახალი სარეკრეაციო პარკი გაკეთდება მესტიაში და ასე შემდეგ. ჩამონათვალი მეტყველებს პროგრამის მოცულობასა და დიდ მასშტაბზე, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკური ეფექტს, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი შემოსავლების გაჩენას ადგილობრივი მოსახლეობისათვის“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის სხდომაზე დამტკიცდა ზუგდიდსა და ფოთში ურბანული განახლების სიღრმისეული პროექტების მომზადება, რაც ორ დიდ ქალაქში შექმნის შემდგომი განვითარების საფუძველს. სამეგრელოს შემდეგ, კომისიის სხდომები გურიასა და აჭარაში გაიმართება.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული რვა ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ოთხწლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.