ირაკლი ქარსელაძე - მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ
ირაკლი ქარსელაძე - მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ

მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები, მაშველები, ჯარი და, რა თქმა უნდა, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სტიქიის ადგილზე არის ლამი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს.

„მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება მუშაობა იმდაგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის ახლა სწორედ კოტეჯებისა და სასადილოსკენ. კიდევ ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მეტი დეტალი დასადგენია. რაც შეეხება სამუშაოებს, რეალურად გუშინ მოვახერხეთ ჩვენ ხუთი ერთეული ტექნიკის გადასვლა. დღეს დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს უშუალოდ არეალში. გარდა ამისა, მთლიანობაში 30 ერთეული არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულწილად მობილობა იზრდება.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და საგზაო დეპარტამენტმა დღეს აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა, გავხსნათ და იქედანაც გვინდა, შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად, ასევე, მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი. გარდა ამისა, კიდევ დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი, ასევე მიმდინარეობს შიდა ტროტუარზე უშუალოდ არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.