ირაკლი ქარსელაძე – გზებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მთელი ღამე გაგრძელდება, შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული სოფლებამდე მისასვლელ გზებზე
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული სოფლებამდე მისასვლელ გზებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა და ადამიანური რესურსი ადგილზეა. ყველა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ჩართულია და კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. მოგეხსენებათ, ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა მობილიზაცია, ასევე შესაბამისი სამუშაოები და ღონისძიებები არის გათვალისწინებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შტაბის სხდომაზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.