ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთის გახნსა წლის ბოლომდეა დაგეგმილი
ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთის გახნსა წლის ბოლომდეა დაგეგმილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე  გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება.

„მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთზე. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც სამუშაოების პროგრესი წლის ბოლოსთვის უკვე 70%-ს გადააჭარბებს. მეტიც, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 4 ზოლიანი 5 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი მონაკვეთი კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს.

გიორგი ურუშაძის შეფასებით კი, პროექტი ტურისტული ზონების გვერდის ავლით გადაადგილების საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ტურისტულ ზონების ეკოლოგიური გაჯანსაღებისათვის.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.