ირაკლი ქარსელაძე - განვადებით მშენებლობის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები
ირაკლი ქარსელაძე - განვადებით მშენებლობის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები

დღეს პრემიერ-მინისტრმა უპრეცედენტო ინიციატივები გააჟღერა, რაც იქნება დამატებითი მუხტი ისედაც მაღალი ტემპით წარმოებული სამუშაოებისთვის და პროექტებისთვის. განვადებით მშენებლობის პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს და მასშტაბურად გააუმჯობესებს მდგომარეობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამით მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნა ხაზგასმული, რომელიც უკავშირდება როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურას.

„ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გაწეული, თუმცა ბევრად მეტი არის საჭიროება. სწორედ ამ ინიციატივის გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, რომ უფრო მასშტაბური გახდეს აღნიშნული სამუშაოები. იგივე ითქმის საბავშვო ბაღებსა და დევნილთა ბინებზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქარსელაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა რეგიონების წყალმომარაგებით უზრუნველყოფასაც გეგმავს.

„წყალმომარაგების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამჟამად 150-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა სრულად ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. სწორედ ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები და კიდევ მეტი ბენეფიციარი შევიძინოთ გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. ასევე, შევასრულოთ ის ამოცანა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი გეგმით იყო განსაზღვრული. 2025 წლის ბოლოს უკვე, ყველა ქალაქში იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დააჩქარებს აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მთავრობა განვადებით მშენებლობის პროგრამას იწყებს, რომლის ჯამური რაოდენობა 3 მილიარდ ლარამდე იქნება.