ირაკლი ქარსელაძე - „ფიტჩის“ რეიტინგებში საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესების წინაპირობები არსებობს
ირაკლი ქარსელაძე - „ფიტჩის“ რეიტინგებში საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესების წინაპირობები არსებობს

სარეიტინგო პროგრესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა მასშტაბური საგზაო პროექტები, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება შეაფასა.

მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს საგზაო პროექტების მიმართულებით დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე კონტრაქტები გაფორმდა, რამაც შესაბამისი დადებითი გავლენა იქონია.

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი, 10 მლრდ ლარამდე თანხა გამოიყოფა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების განვითარება. 2022-2023 წლებისთვის, ეტაპობრივად, მთელი რიგი მონაკვეთების გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტ წინაპირობას შექმნის რეიტინგის შესანარჩუნებლად და სამომავლო გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.