ირაკლი ქარსელაძე - მთავრობის ახალი პროგრამისთვის პროექტებს შეარჩევს კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ირაკლი ქარსელაძე - მთავრობის ახალი პროგრამისთვის პროექტებს შეარჩევს კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა, განახლებული რეგიონები. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონების განახლების, განვითარების პროგრამა. ასეთი მასშტაბური სამუშაოები ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად ნამდვილად არ განხორციელებულა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„ჩვენი ძალისხმევა, ენერგია უნდა იყოს მიმართული გაძლიერებული, განვითარებული, ახალ შესაძლებლობის მქონე რეგიონებისკენ და სწორედ ეს პროგრამაა, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა. ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განვითარებულ საქართველოს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითარდება და ახლდება, ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გამოისახება დამატებით შემოსავალში, კიდევ უფრო განვითარებულ, კიდევ უფრო ინკლუზიურ მიდგომაში, სადაც იმ მუნიციპალიტეტში, იმ დაბაში, იმ დასახლებულ პუნქტში მაცხოვრებელ ადამიანს შეუქმნის შესაბამის პირობას. სწორედ ეს არის ის ელემენტი, რომლითაც ასევე მდიდარი არის ეს პროგრამა. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობა, დასაქმება და დაახლოებით 15 000 ადამიანი, ახალი სამუშაო ადგილი და 15 000 ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ დასაქმდებიან, არამედ ახალ უნარებს შეიძენენ, რომელიც შემდგომში ისევ მათვე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე. პროგრამა, პირველი ეტაპი, 500 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული საორიენტაციოდ ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის სწორედ პირველი ეტაპის ხედვა, პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა, რეაბილიტაცია, მოხდება რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, დასასვენებელი პარკების მოწყობა, რეაბილიტაცია. შესაბამისად, მუნიციპალური ცენტრების ურბანული განახლება, რომლის მაგალითებიც ჩვენ წარსულში გვქონია, მაგრამ არა ისეთნაირად, როგორც ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გულისხმობს ანალოგიური სამუშაოების წარმოებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ პროგრამის განხორციელებას, ზედამხედველობას, პროექტების შერჩევას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელდება როგორც ცენტრალურად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ.  სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა ექნება. დაფინანსების თვალსაზრისით, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და უფრო მეტიც, პროექტების განხორციელებასთან ერთად, დამუშავდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი მდებარეობების, ქალაქების, ტურისტულად საინტერესო მდებარეობების ურბანული განახლების პროექტები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ სივცირითი ურბანული განვითარების, არამედ ეკონომიკური განვითარების ეტაპებს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.